English / ქართული / русский /
დავით ასლანიშვილიდავით შაქარაშვილი
COVID-19 ეპოქა და მისი გავლენა საერთაშორისო ფინანსურ დანაშაულზე მსოფლიოში

ანოტაცია. 2020 წელს დაწყებულმა კორონავირუსის გლობალურმა პანდემიამ (COVID-19) მკვეთრად შეცვალა მსოფლიო საზოგადოების ყოფა–ქცევა და ცხოვრებისადმი დამოკიდებულბა. კარდინალური ცვლილება განიცადა როგორც ყოფითმა და ადამიანურმა, ასევე ბიზნეს ურთიერთობებმა. ამ მხრივ მრავალი კვლევა და დაკვირვება ხორციელდება სამეცნიერო წრეებსა და ლიტერატურაში, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ ქართულ სინამდვილეში.

თუმცა, ჩვენი კვლევის საგანი ახალია ქართული სინამდვილისთვის, რამეთუ ჩვენ შევეცადეთ თავი მოგვეყარა და გაგვეანალიზებინა პანდემიურ (წინა და არსებულ) პერიოდში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მომხდარი ფინანსური დარღვევა/დანაშაული, რათა საქართველოს ფინანსური ბაზარი უფრო მომზადებული იყოს პოსტპანდემიური სამყაროსთვის. ჩვენ გავაანალიზეთ თუ რა გავლენა მოახდინა პანდემიამ ფინანსურ ურთიერთობებზე, საზოგადოებაზე, საკუთრივ კი ფინანსურ დანაშაულზე მსოფლიოში, რა ახალი გამოწვევის წინაშე დგას ფინანსურ – ეკონომიკური ურთიერთობები და რა გველის პოსტპანდემიურ პერიოდში.

ამ მხრივ აღნიშნული კვლევა მოიცავს საერთაშორისო ბაზრის კვლევას, მიმოხილვას და მსოფლიო გამოცდილების ადგილობრივი ქართული ფინანსური ბაზრისთვის გაცნობის და შემზადების ფუნქციას ატარებს .

საკვანძო სიტყვები: ფინანსური დანაშაული, კორონავირუსი, პანდემია, მსოფლიო გამოცდილება, საქართველო.

2020 წელს დაწყებულმა კორონავირუსის პანდემიამ განსაკუთრებული კვალი დაამჩნია ფინანსურ სამყაროს. ჩვენი კვლევა ეფუძნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მომხდარი ფინანსური დანაშაულისა და მისი რეაგირების ანალიზს,რაც უდაოდ სასარგებლო იქნება პოსტპანდემიური საქართველოსთვის. უნდა აღინიშნოს,რომ ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლა საკანონმდელო დონეზე მსოფლიო მასშტაბით განსაკუთრებით გამძაფრდა 2018 წლიდან მოყოლებული და პანდემიის პერიოდში მან განსაკუთრებული დატვირთვა მიიღო.

კვლევის პროცესში მსოფლიო მასშტაბით ჩვენს მიერ აღმოჩენილ და აღწერილ იქნა რიგი სახის ფინანსური ქეისი, რომელიც გასათვალისწინებელია პოსტპანდემიურ საქართველოში:

1. HMRC (მისი უდიდებულესობის შემოსავლების და საბაჟო სამსახური) გამოძიება დიდი ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანების მიერ გამოყენებულ ოფშორული კომპანიების საკითხებზე.

 

ქვეყნის უმდიდრესი ადამიანების ფინანსური საქმეები შეიძლება გამოძიებულ იქნას საგადასახადო გამომძიებლების მიერ მას შემდეგ რაც The Telegraph- მა სააშკარაოზე გამოიტანა თუ როგორ ცდილობენ ისინი თავი დაიცვან ინფორმაციის გაჟონვისაგან. მთელი რიგი მაღალი რანგის ბრიტანელი ბიზნესმენის ფინანსური მაქინაციები ბერმუდის კუნძულებზე არსებულმა იურიდიულმა კომპანიამ გადამალა და შემდგომში აღიარა, რომ პანდემიის დროს მათ კომპიუტერზე განხორციელდა ჰაკერული შეტევა,რის შედეგად ეს ინფორმაცია საჯარო გახდა. სავარაუდოდ HMRC-მ გარკვეული წილად იცოდა ამ ინფორმაციის გაჟონვის შესახებ და აღნიშნული წყაროს გამჟღავნება მათთვის საიდუმლოს არ წარმოადგენდა (წყარო:http://www.telegraph.co.uk/ news/2017/10/25/hmrc- target-britains-richest/) 

2. ფულის გათეთრებასთან ბრძოლა: ავსტრიის „აქტი ბენეფიციარი მფლობელების რეესტრის შესახებ“

ავსტრისს მონაცემთა დაცვის რეგულაციების საკითხებზე გამართულ ბიზნეს შეხვედრაზე, განხილული იყო ბენეფიციარი მფლობელების რეესტრის შესახებ ახალი აქტის დეტალები, რამაც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ბიზნეს საზოგადოებაში. თუმცა რა გასაკვირია, დარღვევის შემთხვევაში კომპანიებს შეიძლება დაეკისროთ ჯარიმები 200 000 ევრო (განზრახ ჩადენის შემთხვევაში) და 100 000 ევრო (უხეში დაუდევრობის შემთხვევაში). ექსპერტების თქმით, კომპანიებმა სასწრაფოდ უნდა დაიწყონ მოქმედება, ვინაიდან რეესტრის წესები და რეგულაციები ძალიან რთულია, ამასთან ბენეფიციარი 2018 წლის 1 ივნისისთვის უკვე დარეგისტრირებულები უნდა ყოფილიყვნენ ამ რეესტრში, თუმცა ჯარიმის არ არსებობა ამ ვალდებულების აღსრულებას ხელს უშლიდა. ავსტრიის კომპანიების, კერძო ფონდებისა და კონცერნების ბენეფიციარი მფლობელების რეესტრის შექმნა, ევროკავშირის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ეროვნული კანონმდებლობისთვის მიცემული დირექტივების შედეგია. იურიდიული პირები ვალდებულნი არიან წარადგინონ მონაცემები თავიანთი ბენეფიციარი მფლობელების შესახებ და განაახლონ ეს მონაცემები ყოველწლიურად. (წყარო: http://www.mondaq.com/article.asp?article_id=710478&email_access=on )

3. აშშ: ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლის ქსელი (Financial Crimes Enforcement Network- FinCEN) ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო ტრანზაქციებთან დაკავშირებულ ე.წ. „წითელ ალმებზე“, რომლებიც ასოცირდება საერთაშორისო კორუფციასთან. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის ფინანსურ დანაშაულებთან ბრძოლის ქსელმა (FinCEN), გამოსცა რეკომენდაცია რომელიც განმარტავს, თუ როგორ ახერხებენ პოლიტიკური ფიგურები ამერიკის ფინანსურ სისტემაში შეღწევას. რეკომენდაციაში აღწერილია: (1) რა რისკებს შეიცავს ამერიკის ფინანსური ინსტიტუტების მიერ პოლიტიკური ფიგურებისთვის და მათი ფინანსური პარტნიორებისთვის საბანკო სერვისების მიწოდება, (2) საეჭვო ტრანზაქციების ტიპები, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს შეტყობინების ვალდებულება ბანკის საიდუმლოებების აქტის ფარგლებში. რეკომენდაცია შეიცავს FinCEN-ის აქცენტირებული მოქმედებების მიმოხილვას, რომლებიც გამიზნულია იმისკენ, რომ საერთაშორისო კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევების ფასილიტატორებმა (შუამავლებმა) ვერ მოახერხონ ამერიკის საბანკო სისტემაში შემოღწევა. (წყარო: http://www.mondaq.com/article.asp?article_id=710532&email_access=on)

4. მალაიზია: კორპორაციული პასუხისმგებლობა კორუფციაზე

მინიმუმ ოთხი წელია, რაც მალაიზიაში გაჯღერდა იდეა მექრთამეობასა და კორუფციაზე კორპორაციული პასუხისმგებლობის შემოღებაზე. 2018–2020 წწ მალაიზიის ანტიკორუფციული კომისიის კანონპროექტები (შესწორება)მიღებულ იქნა მალაიზიის პარლამენტისა და სენატის მიერ. კანონპროექტი ძალაში შევა მას შემდეგ, რაც ის მიიღებს სამეფო თანხმობას და გამოქვეყნდება სახელმწიფო პრესაში. კანონპროექტში, წარმოდგენილია ახალი მუხლი 17A, რომელიც ძირითადი აქტის საფუძველზე ითვალისწინებს მექრთამეობასა და კორუფციაზე კორპორაციული პასუხისმგებლობის საკითხს. კომერციული ორგანიზაცია, რომელიც ჩადიდენს დანაშაულს ეკისრება ჯარიმა, რომელიც გულისხმობს არანაკლებ ათმაგ ღირებულებას ან თანხას, ქრთამისა რაც არის დანაშაულის საგანი, სადაც ქრთამი არის შეფასებადი, ან აქვს მატერიალური ღირებულება, ან RM 10 მილიონი, რომელიც უფრო მეტია. ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 20 წლამდე ან ორივე. (წყარო: http://www.mondaq.com/article.asp?article_id=707706&email_access=on )

5. ბელგია: საკანონდებლო ცვლილებები

რეგულირებას დაქვემდებარებულ უძრავი ქონების კომპანიების (B-REITs) შესახებ მარეგულირებელი 2014 წლის 13 ივლისის დირექტივების შესწორებები გამოქვეყნდა. ამ შესწორებების მიზანს წარმოადგენს:
1. REIT-ებს შორის, ასევე REIT-ს და ბაზრის სხვა მონაწილეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება;
2. აქტივების კლასების გაფართოება, რომლებშიც B-REIT-ებს შეუძლიათ განახორციელონ ინვესტირება, რომლებიც მოიცავს კერძო და საჯარო პარტნიორობებს (PPPs) ინფრასტრუქტურის და ეგერგეტიკის სექტორებში;
3. „სოციალური REIT“-ის, როგორც ახალი ტიპის საჯარო REIT-ის დანერგვა, რომელიც ინვესტიციების განხორციელების საშუალებას იძლევა, უძრავ ქონებაში რომელიც გამოიყენება საგანმანათლებლო მიზნებისთვის და ჯანდაცვის სექტორში.
გარკვეულ პირობებში, მაგალითად, €100,000 ან მეტი ინვესტიციის შემთხვევაში, კერძო პირებს უფლება აქვთ „ინსტიტუციონალურ B-REIT“-ში ფლობდნენ წილს. შედეგად, საოჯახო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება შეიძლება გამოყენებულ იქნას ინსტიტუციონალური B-REIT-ის მიერ, რის შედეგადაც ის ისარგებლებს იმავე გამჭვირვალე საგადასახადო რეჟიმით. (წყარო: http://www.mondaq.com/article.asp?article_id=724324&email_access=on )

6. კაიმანის კუნძულები: ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ოფიცრების დანიშვნა

კაიმანის კუნძულების მონეტარულმა უწყებამ (Cayman Islands Monetary Authority - CIMA) ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა სახელმძღვანელო მითითების განმარტება, ფულის გათეთრების საწინააღმდეგო რეგულაციების თაობაზე, იმისათვის რომ ყველა ფონდისთვის (მიუხედავად იმისა, რეგულირდება თუ არა CIMA-ს მიერ ამ ფონდის საქმიანობა) რომელიც აწარმოებს „შესაბამის ფინანსურ საქმიანობას“ კაიმანის კუნძულებზე, გასაგები ყოფილიყო ის ფაქტი, რომ მათ მოეთხოვებათ დანიშნონ პიროვნებები, რომლებიც იმოქმედებენ როგორც - ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებთან შესაბამისობის ოფიცერი (Anti-Money Laundering Compliance Officer -AMLCO), ფულის გათეთრებაზე ანგარიშგების ოფიცერი (Money Laundering Reporting Officer-MLRO) და ფულის გათეთრებაზე ანგარიშგების ოფიცრის მოადგილე. CIMA ასევე მოელის, რომ ყოველი ფონდი საკუთარი შეთავაზების დოკუმენტში აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ ფონდმა დანიშნა ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ოფიცრები და ასევე დეტალებს, რაც საშუალებას მისცემს მომავალ ინვესტორებს მიიღონ შესაბამისი ინფორმაცია ამ ოფიცრებთან დაკავშირებით. AMLCO თვალყურს ადევნებს ფონდის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის პროცედურებს და კანონმდებლობასთან მათ შესაბამისობას, პერიოდულად ახორციელებს მონიტორინგს და იღებს ანგარიშებს მომსახურების მომწოდებლებისგან (მაგალითად ადმინისტრატორი და საინვესტიციო მენეჯერი), რომლთაც დელეგირებული აქვთ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული ფუნქციები, ასევე არის საკონტაქტო პირი საზედამხედველო და სხვა კომპეტენტურ უწყებებთან. MLRO არის საკონტაქტო პირი, რომელიც იღებს შეტყობინებას ფონდის შიგნით არსებული ყველა საეჭვო საქმიანობის შესახებ. DMLRO ასრულებს იგივე ფუნქციებს MLRO-ს არყოფნის შემთხვევაში (წყარო: http://www.mondaq.com/ caymanislands/x/739158/Money+ Laundering/Appointment+of+AML+ Officers+in+the+Cayman+Islands )

7. ნიდერლანდების სამეფო: კიურასაოს საგადასახადო კანონმდებლობის ცვლილების გავლენა

2018 წლის ივნისში, კიურასაოს (წარმოადგენს ნიდერლანდების სამეფოს იურისდიქციაში შემავალ ქვეყანას) პარლამენტმა დაამტკიცა ახალი კანონმდებლობა, რომელმაც მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა ეროვნული საგადასახადო დაბეგვრის შესახებ ზოგად განკარგულებაში, მოგების გადასახადის 1940 წლის განკარგულებასა და ეროვნულ განკარგულებაში. ყველაზე მეტი ცვლილება ძალაში შედის 2019 წლის 1 იანვარს.ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას (OECD) გააჩნია სახელმძღვანელო პრინციპები შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმებისთვის. ისინი დააკვირდნენ კიურასაოს და მიხვდნენ, რომ საგადასახადო კანონმდებლობა არ იყო მათ რეკომენდაციებთან სრულ შესაბამისობაში. კიურასაომ განახორციელა აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ადრე არსებული ნორმების OECD-ის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოყვანის საშუალებას იძლევა. მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები გავლენას ახდენს ძირითადად დაბეგვრის სპეციალური რეჟიმის კომპანიებზე. ამ სუბიექტებს სავარაუდოდ მოუწევს გარკვეული ცვლილებების გატარება, რათა მოვიდნენ საკანონმდებლო ნორმებთან სრულ შესაბამისობაში. ცვლილებები ზეგავლენას მოახდენს ე.წ. e-zone კომპანიებზე (რომლებიც ელექტრონულ, ვირტუალურ სივრცეში ფუნქციონირებენ). ამ საგადასახადო კანონმდებლობის ცვლილების ძალაში შესვლამდე ამ კომპანიებს ელექტრონული მომსახურებით და საქონლით ვაჭრობის უფლება ჰქონდათ. ახლა კი მხოლოდ საქონლით ვაჭრობას შეძლებენ. ეს კომპანიები უნდა მოერგონ ახალ კანონებს. მაგალითად, ონლაინ თამაშების კომპანია უკვე ვეღარ განახორციელებს e-zone-ში ვაჭრობას და ასე რომ, მათ მოუწევთ სხვა სახის კომპანიებად გარდაქმნა. ამჟამად არსებული საგადასახადო დაბეგვრის შეღავათების რეჟიმის მქონე კომპანიები გარდაიქმნება კიურასაოს საინვესტიციო კომპანიებად, ხოლო არსებული ექსპორტის რეჟიმი დაექვემდებარება შემდგომ ცვლილებებს. ეს ცვლილებები გლობალური მასშტაბით გაათანაბრებს თამაშის წესებს კიურასაოსთვის. ამ საგადასახადო ცვლილებებმა საგრძნობლად არ უნდა იმოქმედოს ამჟამად მოქმედ იურიდიულ თუ კერძო პირთა ბიზნესებზე, მაგრამ ამ ახალი საგადასახადო კანონების გააზრება და შესწავლა აუცილებელია იმისათვის, რომ კომპანიის საქმიანობა სრულ შესაბამისობაში იყოს ახალ რეგულაციებთან.(წყარო: http://www.mondaq.com/ article.asp?article_id= 744170&email_ access=on )

ამ ქეისს აქვს პირდაპირი ბმა საქართველოს სინამდვილესთან. 2021 წლის 19 მაისს ანალოგიური შემთხვევა საქართველოს ფინანსური სისტემაში დაფიქსირდა. აღმოჩენილ იქნა 10 წლის წინანდელი საკანონმდებლო ხარვეზი და მასზე მიმდინარეობს გამოძიება და რეაგირება.

ვირტუალური ზონის პირი - ასე ჰქვია იმ სტატუსს, რომლის მოპოვებითაც საქართველოში მოღვაწე საინფორმაციო და ტექნოლოგიური სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს დღგ-ისა და მოგების გადასახადების 0%-მდე შემცირება შეუძლიათ. ეს საგადასახადო შეღავათები 2010 წლის დეკემბერში - “საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების” შესახებ მიღებული კანონით და საგადასახადო კოდექსით არის განსაზღვრული. კანონის მიხედვით, ნულოვანი საგადასახადო მოსაკრებელი საქართველოში IT სერვისების განვითარების ხელშესაწყობად არის მიღებული.

ვირტუალური ზონის პირის სტატუსს კომპანიებს ფინანსთა სამინისტრო ანიჭებს. კანონის მეექვსე მუხლის მიხედვით - “ვირტუალურ ზონაში საქმიანობას მიეკუთვნება იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მიმართული იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნასთან.”

გასული 10 წლის განმავლობაში საქართველოში ამ სტატუსით 1,000-ზე მეტი იურიდიული პირი დარეგისტრირდა. საგადასახადო პრაქტიკის მიხედვით, კომპანიებს არ მოეთხოვებოდათ უშუალოდ საქართველოში დასაქმებულთა ყოლა და უშუალოდ საქართველოს ტერიტორიიდან მომსახურების გაწევა. თუმცა, რამდენიმე კვირაა რაც შემოსავლების სამსახურმა საკუთარი პრაქტიკა რადიკალურად შეცვალა და კომპანიებისგან წინა წლებში მიღებულ შემოსავლებზე გადასახადების გადახდას ითხოვს.

ვირტუალური ზონის პირების შესახებ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა ბრძანა, რომ შემოსავლების სამსახურმა საკუთარი პრაქტიკის შეფასებისას აღმოაჩინა, რომ მათ ვირტუალური ზონის პირების შემოწმება არცერთხელ არ აქვთ ჩატარებული, საკითხის უფრო დეტალურად გაანალიზებით კი გაირკვა, რომ ქვეყანაში ამ სტატუსით რეგისტრირებული 1,025 კომპანიიდან ფაქტობრივად არცერთი არ ახორციელებს უშუალოდ საქართველოს ტერიტორიიდან უცხოეთში ციფრული სერვისების მიწოდებას. ამასთან, შემოსავლების სამსახურის მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ საკონსულტაციო, აუდიტორული და იურიდიული ფირმები, რომლებიც უცხოურ კომპანიებს საქართველოში ვირტუალური ზონის სტატუსის მიღებას ურჩევდნენ, ამ კომპანიებს ატყუებდნენ, რადგანაც კანონში ნათქვამია, რომ ამ სტატუსის მქონე კომპანიამ მომსახურება უშუალოდ საქართველოს ტერიროტიიდან უნდა გასწიოს. რომან ბუღაძის თქმით, არსებული რეალობა სრულიად განსხვავებულია და 1,025 კომპანიიდან ფინანსთა სამინისტრომ დაკავშირება მხოლოდ 50 კომპანიასთან შეძლო, დანარჩენ კომპანიებს კი ქვეყანაში საფოსტო ყუთიც კი არ გააჩნიათ.

"დღეისათვის საქართველოში რეგისტრირებულია ვირტუალური ზონის პირის სტატუსის 1,025 კომპანია. ეს ციფრი ისეთია, რომ თუ მარტო რაოდენობრივად შევხედავთ შეიძლება ჩავთვალოთ რომ პროექტმა გაამართლა. თუმცა, მათი შესწავლიდან გამოიკვეთა, რომ ამ ობიექტების ადმინისტრირების პრაქტიკა არ არსებობს, ანუ არცერთი ამ ობიექტიდან დღემდე შემოსავლების სამსახურის მიერ შემოწმებული არ არის. ამის მიზეზი კი არის ის, რომ ითვლებოდა რომ ამ სფეროში არ იყო რისკები არ ხდებოდა ამ კომპანიების შემოწმება. თუმცა საკითხის უკეთესად შესწავლით აღმოჩნდა, რომ ამ 1,025 კომპანიიდან კომუნიკაციის დამყარება შესაძლებელია მხოლოდ 50 კომპანიასთან. დანარჩენი კომპანიები ფაქტობრივად არ იძებნება და შემოსავლების სამსახურმა მათ საქართველოში ვერ მიაკვლია.

მეტთან ვერ გავდივართ კომუნიკაციაზე. მხოლოდ ამ 50 კომპანიის ინფორმირება მოხდა. დანარჩენი კომპანიებიდან მათი წარმომადგენელიც არაა ნამყოფი საქართველოში. მხოლოდ წერილი აქვთ გამოგზავნილი და ისე დარეგისტრირდნენ ამ სტატუსით. ყველა ეს კომპანია სარგებლობდა კერძო აუდიტორული ფირმების მიერ შეთავაზებული განმარტებით. თუმცა, ჩვენმა კონსულტანტებმა და აუდიტორებმა მყარად გვითხრეს რომ საგადასახადო მიზნებისთვის ამ კანონის ჩანაწერის გამოყენებაც უნდა მოხდეს, სადაც მკაფიოდ წერია რომ საქართველოდან უნდა იყოს სერვისის მიწოდება. თუმცა, საკონსულტაციო ფირმები უცხოურ კომპანიებს ეუბნებოდნენ, რომ მთავარია აქ სტატუსი მიეღოთ, რისი მიღებაც მარტივია და მთავარია პროდუქტი გაყიდო ქვეყნის გარეთ ანუ ის რომ ინდოეთიდან საქართველოში პერსონალი ჩამოეყვანათ ამაზე ეუბნებოდნენ, რომ ეს საჭირო არ იყო,”- აცხადებს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი.

კითხვაზე რა შეიძლება მოხდეს თუკი ეს კომპანიები საქართველოდან გავლენ, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი პასუხობს, რომ მათი გასვლით ქვეყანა არაფერს დაკარგავს, რადგან ამ ფირმებს საქართველოში საფოსტო ყუთიც კი არ გააჩნდათ. “[თუკი ეს კომპანიები გავლენ] რა ინვესტიცია უნდა დავკარგოთ, მათ საფოსტო ყუთიც კი არ აქვთ საქართველოში. ვიღაცამ არასწორი კონსულტაცია გაუწია მათ რომ შეუძლიათ იყვნენ და რეალურად საქმიანობდნენ ინდოეთში, საქართველოში აიღონ ეს იურიდიული სტატუსი და აქ მეტი შემხებლობა არ ჰქონდეთ.

რაც შეეხება იმ კომპანიებს (50 კომპანიას), რომლებიც ნამდვილად არიან აქ წარმოდგენილი, ისინი მიხვდნენ, რომ ნამდვილად მოტყუვდნენ კონსულტაციებით. ეს კომპანიები გვეუბნებიან, რომ აქ აიყვანენ პერსონალს, ბუღალტერს, დირექტორს და სხვებს. თუმცა - ბოდიში, მაგრამ ეს პროექტი იმისთვის არ შექმნილა რომ აქ დამლაგებელი ან ბუღალტერი აიყვანონ, ეს პროექტი შეიქმნა იმისთვის, რომ ინტელექტუალური ხალხი დასაქმებულიყო,”- განაცხადა შემოსავლების სამსახურის წარმოამდგენელმა.

შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი განმარტავს, რომ მეთოდოლოგიური გზამკვლევი ამ მხრივ ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა ის 1 თვის ვადაში შეიქმნება. მან ასევე განაცხადა, რომ შემოსავლების სამსახური “ვირტუალური ზონის პირებთან” წინა წლების გადასახადების ამოღების პროცედურებსაც დაიწყებს და კომპანიებს შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობა უკვე “სასამართლოში მოუწევთ”.

“ 50 კომპანიასთან გვქონდა კომუნიკაცია. მათგან 24-მა მაშინვე გაასწორა ეს ნაწილი და 2.5 მილიონამდე მათ სასწრაფო წესით დაადეკლარირეს. ამას გარდა ჩვენ ანალიტიკური სამსახურიდან მივიღეთ დავალება, რომ სასწრაფოდ გზამკვლევები გაკეთდეს. მივიღეთ დავალება, რომ ყველა სპეც რეჟიმზე გაკეთდეს ეს გზამკვლევი. დაახლოებით 1 თვე დასჭირდება ამ გზამკვლევის გაკეთებას. როდესაც არ სჯერა გადამხდელს რომ წესი არის ესეთი, შემდეგ ეს პროცესი გადაიზრდება საგადასახადო შემოწმებაში, რომელიც შედეგის სახით დადგება და შემდეგ ჩვენ უკვე არა ტელევიზიაში, არამედ სასამართლოში შევხდებით ამ გადამხდელებს,”- აცხადებს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი.

იურიდიული და აუდიტორული კომპანიების შეფასებით, მთავრობის მიერ “ვირტუალური ზონის პირებთან” მიმართებით საგადასახადო პრაქტიკის რადიკალური ცვლილება მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, რის შედეგადაც არაერთმა ინვესტორმა ქვეყანა შეიძლება დატოვოს. აუდიტორული ფირმები ყურადღებას ამახვილებენ იმ გარემოებაზე, რომ აქამდე სახელმწიფოს მხრიდან ამ საკითხის ან კანონის თაობაზე არავითარი კომუნიკაცია არ გამართულა. იურისტების შეფასებით, სადავო საკითხი რომ სერვისის შექმნა უშუალოდ საქართველოდან უნდა მოხდეს წერია "საინფორმაციო ტექნოლოიების შესახებ" კანონში და არა საგადასახადო კოდექსში, ხოლო საგადასახადო ადმინისტრირებისთვის სახელმწიფომ არა "საინფორმაციო ტექნოლოგიების კანონი", არამედ საგადასახადო კოდექსი უნდა გამოიყენოს. (წყარო: 10 წლის კანონში მთავრობამ ხვრელი “აღმოაჩინა” და 1,000 კომპანიისგან გადასახადს ითხოვს | BM.GE)

8. ევროკავშირი: ევროკავშირის კომისიის შეთავაზებით შესაძლოა ევროპის საბანკო უწყებას (EBA) გაეზარდოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მანდატი

ევროკომისიას აქვს შეთავაზება რომლის მიხედვითაც საჭიროა გაზარდოს ზედამხედველობა ფინანსურ სექტორზე ფულის გათეთრების დანაშაულის სიხშირის ფონზე. ევროკომისიამ ახლახანს წარადგინა შეთავაზება, რომლის მიხედვითაც ევროპის საბანკო უწყებას (EBA) გაეზრდება მანდატი და მასვე დაეკისრება ფინანსურ სექტორში ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ვალდებულება. ხსენებული სიახლის შეთავაზება ევროპის ბანკებში ფულის გათეთრების ბოლოდროინდელი შემთხვევების საპასუხოდ იყო გამოწვეული, რომელთა თანხობრივი გამოხატულება ასობით მილიარდი ევროა. ამ შემთხვევებმა გამოავლინა ევროკავშირის საზედამხედველო უწყებების ქსელის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ბაზის სისუსტეები და ხარვეზები. ევროკავშირის დონეზე, ევროპული საზედამხედველო უწყებები ("ESAs") უზრუნველყოფენ ევროკავშირის პრევენციულ და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო წესების თანმიმდევრულ, ქმედით და ეფექტურ გამოყენებას. წინადადებების თანახმად, ევროპის საბანკო უწყება (EBA) მიიღებს უფრო და სრულმასშტაბიან მანდატს, რათა უზრუნველყოს ევროკავშირის ფინანსური სისტემის მდგრადობა და ფულის გათეთრებისა და ტერორისტული დაფინანსების რისკების ეფექტურად და თანმიმდევრულად გაერთიანება ყველა შესაბამის ორგანოს საზედამხედველო სტრატეგიებსა და პრაქტიკაში. ახალი მუდმივი კომიტეტის შემადგენლობაში შევლენ ეროვნული საზედამხედველო ორგანოების ხელმძღვანელები, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებელნი არიან ფულის გათეთრებისა და ტერორისტული დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის წარმართვაზე. ევროპის საბანკო უწყება (EBA) ასევე ითანამშრომლებს ევროპის ფასიანი ქაღალდების და საფონდო ბაზრების უწყებებთან, ევროპულ სადაზღვევო და დასაქმებულთა პენსიების მართვის ორგანოებთან ევროპული საზედამხედველო უწყებების (ESA) არსებული ერთობლივი კომიტეტის ფარგლებში. (წყარო:http://www.mondaq.com/article.asp?article_id=742108&email_access=on)

9. შვეიცარია კორპორაციული საგადასახადო რეფორმების პაკეტს ამტკიცებს

პრეფერენციული საგადასახადო რეჟიმები გაუქმდება იმ ჰოლდინგებისთვის, კომპანიებისთვის რომელთა იურიდიული მისამართი შვეიცარიაშია (დომიცილებული კომპანიები) და შერეული კომპანიებისთვის და მათ ასევე შეუმცირდებათ გადასახადები. დიდი დებატების შემდეგ, შვეიცარიის საგადასახადო შეთავაზება 17 (ან როგორც ამას ახლა უწოდებენ, საგადასახადო რეფორმის ფედერალური აქტი და AHV-დაფინანსება - „TRAF“) პარლამენტმა 2018 წლის 28 სექტემბერს დაამტკიცა.

სავარაუდოა, რომ TRAF-ი შექმნის სათანადო ბალანსს საერთაშორისო მოლოდინების შესაბამისად ქვეყნის საგადასახადო სისტემის ჩამოყალიბებასა და შვეიცარიის ბიზნესისთვის მიმზიდველობის შენარჩუნებას შორის, რაც უზრუნველყოფს სახელმწიფოსთვის საკმარისი ოდენობით საგადასახადო შემოსავლებს. კორპორაციული საგადასახადო სისტემის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის დამტკიცების პროცესი საკმაოდ გაჭიანურდა და ქვემოთ შეჯამებული ის საკითხები, რომლებსაც ახლა „მწვანე შუქი აუნთეს“:

TRAF-ის ძირითადი ელემენტები

● პრეფერენციული საგადასახადო რეჟიმების გაუქმება

კანტონური საგადასახადო პრივილეგიები იმ ჰოლდინგებისთვის, კომპანიებისთვის რომელთა იურიდიული მისამართი შვეიცარიაშია (დომიცილებული კომპანიები) და შერეული კომპანიებისთვის გაუქმდება. ხოლო ფედერალურ დონეზე, მოგების განაწილების წესები შვილობილი საწარმოების დაფინანსების მიზნით გაუქმდება ძირითადი კომპანიებისთვის.

● კანტონური კორპორაციული საშემოსავლო გადასახადების განაკვეთის შემცირება
TRAF-ის დანერგვასთან დაკავშირებით, იმისათვის რომ მიმზიდველი დარჩეს, კანტონების უმეტესობა შეამცირებს გადასახადების კომბინირებულ განაკვეთს. არსებული მოლოდინებია, რომ გადასახადების ოდენობა 12 დან 18%-მდე ფარგლებში იქნება განსხვავებული კანტონების მიხედვით.

● კაპიტალზე საგადასახადო შეღავათი

ეს იქნება კანტონების შეხედულებისამებრ, რათა უზრუნველყოს კაპიტალზე საგადასახადო შეღავათი, რომელიც დაკავშირებულია ბაზრის კვალიფიციურ მონაწილეებთან, პატენტებთან და საავტორო უფლებასთან და აგრეთვე ჯგუფის შიდა სესხებთან.
● უცხოური კომპანიების მუდმივი წარმომადგენლობები შვეიცარიაში

ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, უცხოური კომპანიების მუდმივი დაწესებულებები შვეიცარიაში შეძლებენ მოითხოვონ ხარჯების მთლიანი საგადასახადო გამოქვითვები.(წყარო: http://www.mondaq.com/article.asp?article_id=743492&email_access=on )

10. კ ა ნ ა დ ა: ალბერტას ფასიანი ქაღალდების კომისია გვაცნობს მამხილებელთა (ინფორმაციის მომწოდებელთა) ახალ პოლიტიკას

2018 წლის 19 ნოემბერს ალბერტას ფასიანი ქაღალდების კომისიამ ("ASC") დაანონსა მამხილებელთა ახალი პროგრამისა და მამხილებელთა ახალი ოფისის შექმნა ალბერტას ფასიანი ქაღალდების კომისიის 15-602 პოლიტიკის ფარგლებში - მამხილებელთა პროგრამა ("პოლიტიკა") ფასიანი ქაღალდების აქტის ცვლილებებთან ერთად. პროგრამა უზრუნველყოფს, რომ დასაქმებულებმა ან "მამხილებლებმა" აცნობონ ალბერტას „ფასიანი ქაღალდების აქტის“ პოტენციური დარღვევის შესახებ და ხსენებულ პიროვნებებს მიეცეთ გაძლიერებული დაცვის შესაძლებლობა ასეთ შემთხვევებში. ონტარიოს უსაფრთხოების კომისიის პროგრამისგან განსხვავებით, ალბერტას უსაფრთხოების პროგრამა არ სთავაზობს ფინანსურ კომპენსაციას მამხილებლებს. თუმცა, ისეთ შემთხვევაში, როდესაც მამხილებლები თავად არიან „ჩართულნი“ უკანონო ქმედებებში, პოლიტიკა უზრუნველყოფს, რომ კონკრეტული გარემოებების მქონე საქმეებში მამხილებლებს მიეცეთ შესაძლებლობა მიიღონ კომპენსაცია, ე.წ. ანაზღაურება "თანამშრომლობისათვის".

ინფორმაციის მიწოდების მექანიზმი ქმნის ინფორმაციის მიწოდების მარტივ პროცესს მამხილებლებისათვის, რაც პროგრამის ფარგლებში შეიძლება მოიცავდეს დასაქმებულებს, დირექტორებსა ან კომპანიის კონტრაქტორებს. მამხილებელმა შესაძლებელია მიაწოდოს კონფიდენციალური ინფორმაცია სტანდარტული ფორმის წარდგენით პირდაპირ ელ.ფოსტის, საფოსტო გზავნილის, უშუალოდ ფიზიკური პირისთვის ინფორმაციის მიწოდების გზით, ან ადვოკატის მეშვეობით. მამხილებლებს ასევე შეუძლიათ დაუკავშირდნენ "მამხილებელთა ოფისს" განსაზღვრული სატელეფონო ნომრის მეშვეობით, რათა დასვან შესაბამისი შეკითხვები პროგრამის შესახებ.

ალბერტას ფასიანი ქაღალდების კომისია უზრუნველყოფს, მაგრამ არ მოითხოვს, რომ ეს კონფიდენციალური ინფორმაცია მამხილებელთა ოფისისათვის წარდგენამდე შიდა პროცედურების მეშვეობით გაეცნოს დასაქმებულებს. "მამხილებელთა ოფისი" გადახედავს ყველა მიწოდებულ კონფიდენციალურ ინფორმაციას, ამასთანავე მათგან ყველა არ აისახება საგამოძიებო პროცედურებში. პოლიტიკა განსაზღვრავს დამატებით დეტალებს, თუ რა ინფორმაცია უნდა შედიოდეს ამ კონფიდენციალურ ინფორმაციაში. მამხილებელთა დაცვის ანონიმური და კონფიდენციალური ინფორმაციები მიღებული იქნება "მამხილებელთა ოფისი"-ს მიერ. თუმცა, პოლიტიკა აღნიშნავს, რომ ანონიმურად წარდგენილმა კონფიდენციალურმა ინფორმაციებმა შესაძლებელია შეზღუდონ ალბერტას ფასიანი ქაღალდების კომისიის შესაძლებლობა ჩაატაროს სრულყოფილი გამოძიება. მაშინ, როდესაც მამხილებლები აირჩევენ, რომ მოახდინონ თავიანთი თავის იდენტიფიცირება, პროგრამა ქმნის დაცვის მთელ რიგ მექანიზმებს.პროგრამის ფარგლებში მამხილებლის პიროვნება კონფიდენციალურია და არ შეიძლება მის თაობაზე ინფორმაცია გამოტანილი იქნას ალბერტას ფასიანი ქაღალდების კომისიისგან „ფასიანი ქაღალდების აქტის“ თანახმად. თუმცა, მამხილებლის პიროვნება შესაძლებელია არ იყოს კონფიდენციალური განსაზღვრულ შემთხვევებში, იმის ჩათვლით, როდესაც ალბერტას ფასიანი ქაღალდების კომისია ან სასამართლო განსაზღვრავს, რომ გამჟღავნება აუცილებელია იმის დასამტკიცებლად, რომ ამ პიროვნებას არ დაურღვევია ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობა. ასეთი გამჟღავნება მოხდება მხოლოდ იმ პირთა წრისათვის, რომლებიც კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე საჭიროდ მიიჩნევიან.

პროგრამა უზრუნველყოფს ასევე დამსაქმებლის მხრიდან რეპრესიული ქმედებებისაგან დაცვას, რაც ასევე ვრცელდება მამხილებლის ოჯახის წევრების წინააღმდეგ რეპრესიების აკრძალვაზე. დაცვა ასევე შეეხება რეპრესიული ქმედებების ისეთ შემთხვევას, სადაც პიროვნება გამოხატავს სურვილს, არასწორი ქმედების შესახებ აცნობოს ალბერტას ფასიანი ქაღალდების კომისიას. როდესაც მამხილებელი არის მისი დამსაქმებლის მხრიდან რეპრესიული მოქმედებების ობიექტი, ზემოხსენებული აქტი აწესებს კომპანიის წინააღმდეგ ქმედების უფლებას. პროგრამა ასევე ნებას რთავს ალბერტას ფასიანი ქაღალდების კომისიას, რომ განახორციელოს სამართალდაცვითი ქმედება და დააწესოს სანქციები, იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელმა განახორციელა საპასუხო ქმედებები დასაქმებულისა ან მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ.

დამატებით, კანონმდებლობა კრძალავს დასაქმებულისათვის ხელის შეშლას, იმოქმედოს როგორც მამხილებელმა, რომელიც ეძებს რჩევას, მამხილებლის საქმიანობის შესახებ ან ეხმარება გამოძიებაში.

 

 

დასკვნა:

 

 

პროგრამა განხორციელდა იმისათვის, რათა მამხილებლებს გაუადვილდეთ ინფორმაციის მიწოდება და ახალი სამართლებრივი დებულებები იქნა ამოქმედებული, რათა გაძლიერდეს კონფიდენციალურობის დაცვა, აკრძალოს რეპრესიები და უზრუნველყოფილი იქნას სამართლებრივი დაცვის უფლება ასეთ შემთხვევაში.

პროგრამა უზრუნველყოფს მნიშვნელოვან დაცვას მამხილებლებისათვის, თუმცა ჯერ დასაკვირვებელია ალბერტას ფასიანი ქაღალდების კომისიის პროგრამა იქნება თუ არა უფრო ეფექტური სხვა იურისდიქციებთან შედარებით (ონტარიო ან აშშ), სადაც მამხილებლებისათვის გათვალისწინებულია ფინანსური წახალისება. (წყარო:http://www.mondaq.com /canada/x/ 768092/Securities /Alberta+Launches+Whistleblower+Program)

11. ფედერალურმა უწყებამ JPMorgan Chase-ის საქმის ინფორმატორი რეკორდული 30 მლნ აშშ დოლარით დააჯილდოვა

ფლორიდის შტატის ფინანსური გამომძიებელი ფედერალური სასაქონლო ბირჟების მარეგულირებლისგან მიიღებს 30 მლნ აშშ დოლარს, იმისათვის რომ მან მიაწოდა ინფორმაცია ინტერესთა კონფლიქტის შესახებ JPMorgan Chase-ის საქმეზე. ბ-ნმა სიდლიმ, რომელიც ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის (SEC) ყოფილი ადვოკატი იყო და შემდეგ გახდა სასამართლო ექსპერტი (გამომძიებელი), ასევე აცნობა SEC-ს ბანკის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ. ცოტა ხნით ადრე SEC-მა დაადასტურა 48 მლნ აშშ დოლარის გადახდა ბ-ნი სიდლისთვის, რაც იმას ნიშნავს რომ ეს გაბედული გამომძიებელი საერთო ჯამში მიიღებს 78 მლნ აშშ დოლარს. ბ-ნმა სიდლმა, რომელმაც აღმოაჩინა რომ საპენსიო ფონდები ბენეფიციარებს ზედმეტ ხარჯებს აკისრებდნენ, აცნობა მარეგულირებელს რომ მიმდინარეობდა ორმხრივი თაღლითობა JPMorgan Chase-ის მიერ 2011 წელს. 2011 წლის კანონი, რომელმაც დააწესა ინფორმაციის მომწოდებელზე 10%-დან 30%-მდე ჯილდო იმ ჯამური თანხიდან, რომელსაც სამართალდამცავები მიიღებდნენ ღონისძიებების ჩატარების შედეგად, კრძალავს სააგენტოების მიერ ინფორმაციის მომწოდებლის სახელის გასაჯაროებას. ბ-ნმა სიდლმა განაცხადა, რომ იგი აგზავნიდა ორ განაცხადს წელიწადში მას შემდეგ რაც ზემოხსენებული ჯილდოების პროგრამა ამოქმედდა და არ უფიქრია იმაზე რომ მყისიერად მიიღებდა ჯილდოს. ის გეგმავს თანხის გამოყენებას, რათა Wall Street-ის ბოროტმოქმედებზე წნეხი შეინარჩუნოს. „დიდი ჯილდოს მიღება საშუალებას მომცემს მეტი გამოძიებების ჩასატარებლად“ - განაცხადა მან. (წყარო:https://nypost.com/2018/07/12/ feds-award-jpmorgan-chase-whistleblower-a-record-30m/ ).

12. დიდ ბრიტანეთში საეჭვო ტრანზაქციებთან დაკავშირებული საჩივრების რაოდენობმ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

დანაშაულთან ბრძოლის ნაციონალური სააგენტოს (National Crime Agency - NCA) ანგარიშის მონაცემებით ბრიტანეთის ხელისუფლებამ 2017-2018წ.წ. საეჭვო ფინანსურ აქტივობებთან და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული 500 ათასზე მეტი საჩივარი მიიღო.

დიდ ბრიტანეთში 2017-2018წ.წ. თითქმის ორჯერ გაიზარდა საეჭვო ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებით მოქალაქეებისა და ორგანიზაციების მიერ გამოგზავნილი შეტყობინებების რაოდენობა.

2017 წლის აპრილიდან 2018 წლის მარტამდე პერიოდში, ბრიტანეთის ხელისუფლებამ მიიღო საერთო ჯამში 463.9 ათასი მოთხოვნა საეჭვო ფინანსური აქტივობების შემოწმების თაობაზე. ეს თითქმის 10 %-ით აღემატება წინა წლის მონაცემებს.

ასევე 20%-ით გაიზარდა თხოვნები ფულის გათეთრებასთან კავშირის არსებობაზე გადამოწმებულიყო ფინანსური ოპერაციები. მოცემულ პერიოდში საერთო ჯამში, ბრიტანეთის მოქალაქეებმა მსგავსი შემთხვევების გადამოწმების თხოვნით NCA-ს მიმართეს 22,200-ჯერ. ამასთან NCA-ს ცნობით, ასეთი შემოწმებების შედეგად აღიძრა 31 სისხლის სამართლის საქმე.

დანაშაულთან ბრძოლის ნაციონალური სააგენტო (NCA) შემოწმების ჩატარების თხოვნებით მიმართვის დიდ ნაწილს (საერთო რაოდენობის დახლოებით 80%-ს) ღებულობს ბანკებისგან, ხოლო მეორე ადგილზე მიმართვების რაოდენობით არიან სამშენებლო კომპანიები (4.2%).

2018 წლის თებერვლის შემდეგ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ასევე მიიღო კანონი, რომელიც მოქალაქეებს აძლევ სუფლებას წარადგინონ შემოწმების მოთხოვნები უცხოეთის მოქალაქეების გაურკვეველი წარმოშობის ქონების არსებობის თაობაზე (Unexplained wealth orders - UWO). იმ შემთხვევაში თუ უცხოეთის მოქალაქე ვერ წარმოადგენს £ 50,000-ზე მეტი ღირებულების ქონების წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, ბრიტანეთის ხელისუფლება შეძლებს მათი აქტივების გაყინვას.

2018 წლის ივნისის მონაცემებით, ლონდონი აწარმოებდა გამოძიებას უცხოეთის 120-140 მოქალაქეზე, რომელთა ქონების წარმომავლობაზეც დაეჭვდნენ შემმოწმებელი ორგანოები.

2018წ. ოქტომბერში ლონდონმა პირველად გამოიყენა აქტივების გაყინვის უფლება. ამ კანონის საფუძველზე მოხდა აზერბაიჯანის მოქალაქის ზამირა ჰაჯიევას აქტივების გაყინვა. ეს ქალბატონი გახლდათ ჯახანგირ ჰაჯიევის მეუღლე რომელიც თავისმხრივ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის ყოფილი ხელმძღვანელია და მას 2016 წელს ბაქოში 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. (წყარო: https://www.rbc.ru/finances/10/01/2019/5c377d019a794701102f1bec )

13. აშშ: მამხილებელთა შესახებ ინფორმაციის მიმოხილვა

ინფორმაცია მამხილებელთა შესახებ წარმოადგენს პერიოდულ ანგარიშს, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან საქმეებს, გადაწყვეტილებებს, წინადადებებს და კანონმდებლობას, რომელიც დაკავშირებულია მამხილებელთა სტატუტებთან/დებულებებთან და როგორი გავლენა შეიძლება მათ იქონიონ თქვენს ბიზნესზე. უკანასკნელი ანგარიში მოიცავს:

ა) 2018 წლის დაწინაურების ტენდენციები “ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების შესახებ კომისიის“ (შემდეგში- კომისია) პროგრამის მიხედვით, მამხილებელთა დაცვასთან დაკავშირებით

დაწინაურების ტენდენციები გაგრძელდა მომდევნო წლისათვის. 2018 წელს კომისიამ, მამხილებელთან დაკავშირებით გასცა იმაზე მეტი ჯილდო, ვიდრე ამ პროგრამას გაუცია წარსულში, ჯამურად ყველა წლის გათვალისწინებით. კომისიის 2018 წლის მამხილებელთა პროგრამის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, 30 სექტემბრისთვის, პროგრამას 13 მამხილებელისთვის ჯილდოს სახით გადაცემული ჰქონდა დაახლოებით 168$ მლნ. ეს აბსოლუტურად აღებატება ბოლო 7 წლის განმავლობაში, 46 მამხილებლისთვის ჯამურად გაცემულ 158 $ მილიონს.

ერთჯერადად გაცემული ჯილდოს ყველაზე დიდი რაოდენობა 2018 წლის მარტში დაფიქსირდა, როდესაც 50 მილიონი აშშ დოლარი გაიყო ორ მამხილებელზე, რომელთა დახმარებითაც, კომისიამ 145 მლნ აშშ დოლარი ამოიღიო „მერილ ლინჩისგან “.

კომისიამ ასევე მიუთითა, რომ მამხილებელთა პროგრამამ მიიღო 5200-ზე მეტი ინფორმაცია მამხილებელთაგან, რაც 20%-ით აღემატება 2017 წლის შედეგს. და 75%-ით აღემატება 2012 წლის შედეგს, მაშინ, როდესაც პროგრამამ გასცა პირველი ჯილდო.

კომისიის მითითებით, მცირედი ზრდა შეინიშნებოდა მამხილებელთა მიერ გაცემულ ინფორმაციაში 2018 წლის უზენაესი სასამართლოს გდაწყვეტილების შემდეგ, რომლითაც მიეთითა, რომ მამხილებლებმა უმჯობესია ინფორმაცია მიაწოდონ კომისიას და არა რომელიმე სხვა სამთავრობო უწყებას ან მათ დამსაქმებელს, რათა დაცულნი იქნენ შურისძიებისგან.

2018 წელს, ყველაზე „პოპულარული“ დანაშაულები, რომელთა თაობაზეც მამხილებლებმა მიაწოდეს კომისიას ინფორმაცია, იყო თაღლითობა (20%), ინფორმაციის გამჟღავნება და ფინანსური ანგარიშგება (19%) და მანიპულაცია (12%). ინსაიდერულმა ვაჭრობამ და ფასების საკითხებმა შევასო ტოპ 5 კატეგორია.

კომისიამ მიუთუითა, რომ მიიღო ინფორმაცია კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული 39 ინფორმაცია. ამიტომაც ამ ტიპის ინფორმაცია დაამატა თავისი ონლაინ- ანგარიშის სისტემაში. ასევე აღინიშნა, რომ ინფორმაცია კერძო პირებისგან მიიღეს 72 უცხო ქვეყნიდან.

ბ) სასამართლომ უარი თქვა დოდ-ფრანკის კანონის მოქმედების გავრცელებაზე მამხილებელთა დასაცავად იმ საჩივრებისგან, რომლებიც წარმოებულია სასაქონლო ბირჟის შესახებ კანონმდებლობის დაცვით.

2018 წლის ოქტომბერში, აშშ-ის ილინოისის საოლქო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო სასაქონლო ბირჟის შესახებ კანონის (შემდეგში- „აქტი“) მოთხოვნების დაცვით მომზადებული სარჩელი, რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა კერძო პირებისთვის აეკრძალათ კომისიასთან ურთიერთობა.

მოსარჩელე და მოპასუხე ერთად ფლობდნენ დიდშემოსავლიან ფირმას, სადაც მოსარჩელე იყო დირექტორი რისკების მართვის საკითხებში, ხოლო მოპასუხე ხელმძღვანელობდა სავაჭრო საკითხებს. იყო ვარაუდი იმისა, რომ მოპასუხე მონაწილეობდა საბაზრო მანიპულირების სქემაში და „სასაქონლო სავაჭრო კომისიამ“ (სსკ) დაიწყო გამოძიება. მოსარჩელე გამოძიებაში იყო მოწმე, თავიდან მხარს უჭერდა მოპასუხეს, თუმცა შემდგომ შეცვალა თავისი პოზიცია და ჩვენებას აძლევდა მის საწინააღმდეგოდ. მას შემდგ, რაც მოპასუხემ მოითხოვა მოსარჩელისგან, რომ შეეწყვიტა ეს ქმედება, იგი ჩამოაშორა და აიძულა ხელი მოეწერა შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელე ვალდებული იყო ფირმისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ მას დაუკავშირდებოდნენ მარეგულირებელი როგანოები და იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ან მოპასუხე დაჯარიმდებოდნენ რომელიმე ორგანოს მიერ 1 მლნ აშშ დოლარზე მეტით, მოსარჩელეს შეუწყდებოდა მოგების მიცემა.

მოსარჩელემ სარჩელი შეიტანა „აქტის“ შურისძიების საწინააღმდეგო დებულების მიხედვით, რომელიც კრძალავს უმართებულო ქმდებებს იმ პირების მიმართ, რომლებიც აწვდიან ინფორმაციას ან თანამშრომლობენ „სსკ-სთან“. მოსარჩელემ აღიარა, რომ აღნიშნული რეგულაცია არ გამოიყენება მის შემთხვევაში, თუმცა ამტკიცებდა, რომ სასამართლომ უნდა გაავრცელოს ძირითადი წესები, რომლებიც უკრძალავს პირებს ხელი შეუშალოს პოტენციური ინფორმატორის ქმედებას, მათ შორის შეთანხმების ფორმით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ კომისიის რეგულაციის აქტში ჩართვის მცდელობა იყო „აბსოლუტურად დაუსაბუთებელი“, რადგან „აქტის“ ენა იყო პირდაპირი და არაორაზროვანი და ის არ იცავდა პოტენციური ინფორმატორების ინტერესებს.

გ) ნიუ-იორკის ფინანსური დეპარტამენტი აქვეყნებს კომპანიებისთვის სახელმძღვანელოს მამხილებელთა პროგრამებზე

2019 წლის იანვარში ნიუ-იორკის ფინანსურმა დეპარტამენტმა (შემდგომში-დეპარტამენტი) გამოაქვეყნა კომპანიის სახელმძღვანელო მამხილებელთა პროგრამებზე. დეპარტამენტის მიზანი არის „იმ პრინციპებისა და საუკეთესო პრაქტიკის დეტალიზება, რომელიც უნდა გაითვალისწინოს ყველა დაწესებულებამ, რომელსაც არეგულირებს დეპარტამენტი, მამხილებელთა პროგრამების შემუშავებისა და რეალიზაციისას“. რეგულაცია ვრცელდება ყველა დაწესებულებაზე, მიუხედავად მათი მოქმედების სფეროსა, ზომისა თუ დამსაქმებელთა რაოდენობისა.

გაიდლაინი ორიენტირებულია დამოუკიდებლობის, კონფიდენციალობის და ანონიმურობის დაცვაზე და ასევე აფუძნებს მამხილებლობის ცნებას, რომელიც უფრო ფართოა, ვიდრე დასაქმებულთა საჩივრები. „მამხილებლობა“ განმარტებულია, როგორც „ერთი ან მეტი ფიზიკური ან იურიდიული პირის ეჭვებს, რომლებიც მოიცავს უკანონობას, თაღლითობას, უსამართლო ან არაერთიკურ ქცევას, არასწორ მენეჯმენტს, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, საფრთხის შემცველ ქმედებას ან სხვა, უკანონობას, მათ შორის ნებისმიერ ქმედებას, რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს უაფრთხოებაზე, სიზუსტეზე ან ინსტიტუციის რეპუტაციაზე (სია არ არის დახურული). ინფორმატორი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც აქვს საშუალება დააფიქსიროს არამართებული ქმედებები კომპანიაში, მათ შორის ყოფილი თანამშრომლები, აგენტები, კონსულტანტები, გამყიდველები ან სხვა სერვის პროვაიდერები, ადვოკატები, მომხმარებლები ან აქციონერები.

დეპარტამენტის გაიდლაინი მოიცავს 10 ძირითად პრინციპს და პრაქტიკას, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს:

1. დამოუკიდებელი, საჯარო, მარტივად ხელმისაწვდომი და თანმიმდევრული ანგარიშგების არხების მისაწვდომობა;

2. მამხილებელთა ანონიმურობის მკაცრი დაცვა;

3. დადგენილი პროცედურები ინტერესთა კონფლიქტების გამოვლენისა და მართვისათვის;

4. მამხილებელთა მიერ მიწოდებული ინფორმაციის სრულყოფილი მიღებისა დამ ართვისთვის დატრენინგებული თანამშრომლების ყოლა;

5. სამართალდარღვევის შესახებ მიღებული ინფორმაციის გამოძიებისთვის დადგენილი პროცედურები;

6. მიმდინარე საჩივრებზე ზედამხედველობის უზრუნველსაყოფად დადგენილი პროცედურები;

7. მამხილებელთა დაცვა შურისძიებისგან და

8. მათ მიმართ კონფიდენციალური მოპყრობა;

9. ზედამხედველობის განხორციელება მამხილებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციაზე ხემლძღვანელობის, შიდა და გარე აუდიტორთა და კომპანიის დირექტორთა საბჭოს მხრიდან;

10. მამხილებელთა მხარდაჭერის კულტურა ყველა თანამდებობის პირის მხრიდან.

სასურველია, რომ კომპანიებმა, რომლებსაც ეხება ეს გაიდლაინი, შეუსაბამონ თავიანთი სტანდარტები და შიდა პოლიტიკა ამ პრინციპებს. როგორც აღინიშნა, მამხილებლებს ხშირად ურჩევნიათ ინფორმაცია პირველ რიგში მიაწოდონ შიდა ორგანოებს, მაშინ, როცა კომპანია ხელს უწყობს ასეთ ქმედებებს და ქმიან ისეთ გარემოს, რომელიც შესაბამის რეაგირებას ახდენს მიწოდებულ ინფორმაციაზე.

დ) ყოფილ „in-house ” ადვოკატს მეორედ მიეცა უფლება რომ შეასწოროს საჩივარი, რომელიც წარადგინა დოდ-ფრანკის კანონის მიხედვით

2018 წლის ნოემბერში, პენსილვანიის მაგისტრატმა მოსამართლემ ყოფილ ადვოკატს, რომელიც შემდეგ იყო მამხილებელი, უფლება მისცა მეორედ შეეცვალა თავისი საჩივარი მის უკანონო გათავისუფლებაზე, მის ყოფილ დამსაქმებლის მიმართ. ეს ცვლილება მოსარჩელეს უფლებას აძლევს რომ მიუთითოს იმის თაობაზე, რომ მან თავისი ეჭვები დარღვევების თაობაზე გააცნო კომისიას მანამდე, სანამ გაათავისუფლებდნენ სამსახურიდან. როგორც სასამართლომ მიუთითა, ამ ცვლილებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა დოდ-ფრანკის კანონმდებლობის საფუძველზე მამხილებელთა მიერ წარმოებული საჩივრებისთვის.

მოსარჩელე კომპანიაში მუშაობდა 5 წლის განმავლობაში და გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მან ინფორმაცია მიაწოდა თავის დამსაქმებელს, რომ კომპანია არღვევდა ფასიანი ქაღალდების შესახებ სტანდარტებს და საგადასახადო კანონმდებლობას. კომპანიამ უკანონო მანიპულაციებით თავიდან აირიდა 1 მლრდ აშშ დოლარის გადასახადები ფედერალურ ბიუჯეტში და სულ მცირე 20 მლნ აშშ დოლარი ნიუ-იორკის შტატის ბიუჯეტში. წყარო: http://www.mondaq.com/ article.asp?article_ id=776650&email_access=on 

14. მთავარი დარტყმა თაღლითობისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ

გერმანიისა და იტალიის შესაბამისი ორგანოების ერთობლივი მუშაობის შედეგად დაკავებულ იქნა ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც ევროპის მასშტაბით აწარმოებდა თაღლითურ და ფულის გათეთრების ოპერაციებს. ერთობლივი ოპერაციები ჩატარდა იტალიისა და გერმანიის ორგანოების დახმარებით ესპანეთის სამ ქალაქში. სპეცოპერაციების შედეგად ორი ეჭვმიტანილი დაიჭირეს ესპანეთში და ორიც - გერმანიაში.

აღნიშნულში არსებითი წვლილი შეიტანა ევროჯასტმა (Eurojust), რომელმაც შექმნა იტალიისა და გერმანიის გაერთიანებული საგამოძიებო გჯუფი (გსგ), უზრუნველყო ფინანსურად და ესპანეთის სახელმწიფო სტრუქტურებთან კომუნიკაციით მათთან დაგეგმა ორი საკოორდინაციო შეხვედრა და საკოორდინაციო ცენტრი. საკოორდინაციო ცენტრი შესაბამის სტრუქტურებს დაუყოვნებლივ ატყობინებდა იმ საჭიროებების შესახებ, რაც ჯგუფს ჰქონდა. ევროჯასტმა უზრუნველყო სამართლებრივი დახმარება, მათ შორის საჭირო ღონისძიებების შემუშავების და მათი შესრულების მხარდაჭერა, იმისათვის რომ ოპერაცია ყოფილიყო სრულყოფილი და ეჭვმიტანილებს ვერ დაეფარათ უკანონო გზით მიღებული საკუთარი მოგება.

ერთდროული მოქმედებების შედეგად, გერმანიაში, ესპანეთსა და შვეიცარიაში ჩატარდა მრავლობითი ჩხრეკები კერძო რეზიდენციებსა და ბიზნეს ოფისებში. მათი უმრავლესობა ჩატარდა ესპანეთში, რის შედეგადაც ამოიღეს უკანონო შემოსავლები რამოდენიმე საბანკო ანგარიშიდან, ასევე სხვა აქტივები, ისეთი, როგორიცაა ძვირადღირებული ავტომობილები და საიუველირო ნაკეთობები. გერმანიაში რამოდენიმე საბანკო ანგარიში გაიყინა და გაიჩხრიკა სეიფები. ამ მთელი რიგი ოპერაციების შედეგად, მოხერხდა დიდი ოდენობით მტკიცებულების (დოკუმენტები, როგორც ნაბეჭდი ასევე - ელექტრონული ფორმით) შეგროვება.

კრიმინალური დაჯგუფების 14 წევრის წინაღმდეგ, გამოძიება 4 წლის წინათ დაიწყო. ისინი ეჭვმიტანილნი იყვნენ თაღლითურ სქემებში,რომელთა მიხედვითაც, დაზარალებულებისგან აგროვებდნენ თანხებს და პირდებოდნენ, რომ მათი სახელით განახორციელებდნენ სასარგებლო ინვესტიციებს, თუმცა რეალურად თანხებს იყენებდნენ მხოლოდ თავიანთი მოგებისთვის. 60-ზე მეტი ინვესტორი დაზარალდა მათი მოქმედებების შედეგად, ხოლო საერთო ზიანმა 12 მლნ ევრო შეადგინა. ვარაუდობენ, რომ დაჯგუფების წევრებმა ამავე სქემით დააზარალეს ინვესტორები იტალიაშიც, სადაც ცალკე ოპერაცია მიმდინარეობს.

გერმანიაში დაკავებული ერთ-ერთი პირი გაათავისუფლეს ჯანმრთელობის პრობლემების გამო. დარჩენილი სამი რჩება საპატიმროებში გერმანიასა და ესპანეთში. ესპანეთში დაკავებული ორი პირი ელოდება სასამართლო გადაწყვეტილების მიღებას. (წყარო- http://www.eurojust.europa.eu/press/PressReleases/Pages/2019/2019-01-30b.aspx )

გამოყენებული ლიტერატურა

 

 

1. FINANCIAL CRIMES DIGEST, March, 2021, APERIO INTELLIGENCE;
2. McKinsey and company, 2021 different editions;
3. http://www.telegraph.co.uk/news/2017/10/25/hmrc-target-britains-richest/)
4. http://www.mondaq.com/article.asp?article_id=710478&email_access=on)
5. http://www.mondaq.com/article.asp?article_id=710532&email_access=on)
6. http://www.mondaq.com/article.asp?article_id=724324&email_access=on)
7. http://www.mondaq.com/ caymanislands/x/ 739158/ Money+Laundering/ Appointment+of+AML+ Officers+ in+the+Cayman+Islands) 
8. http://www.mondaq.com/article.asp?article_id=744170&email_access=on)
9. http://www.mondaq.com/article.asp?article_id=742108&email_access=on)
10. http://www.mondaq.com/canada/x/768092/Securities/Alberta+Launches+Whistleblower+Program)
11. https://www.rbc.ru/finances/10/01/2019/5c377d019a794701102f1bec)
12. http://www.mondaq.com/article.asp?article_id=776650&email_access=on
13. http://www.eurojust.europa.eu/press/PressReleases/Pages/2019/2019-01-30b.aspx)
14. 10 წლის კანონში მთავრობამ ხვრელი “აღმოაჩინა” და 1,000 კომპანიისგან გადასახადს ითხოვს | BM.GE

სასარგებლო ბმულები
1. https://www.mondaq.com/

 



[1] ამერიკული საინვესტიციო კომპანია, რომელიც შექმნა „ამერიკულმა ბანკმა“ (Bank of America) თავისი აქტივების სამართავად

[2] დოდ-ფრანკის კანონი (Dott-Frank Act) ოფიციალური სახელწოდებით „დოდ-ფრანკის მომხმარებელთა დაცვის უოლ-სტრიტის კანონი“ არის სამართლებრივი აქტი, რომელიც 2010 წელს პრეზიდენტ ბარაკ ობამას დროს მიიღეს „დიდი რეცესიის“ სახელით ცნობილი ფინანსური კრიზისის დასაძლევად. ამ კანონმა განსაზღვრა რეგულაციები ფინანსურ ინდუსტრიაში და შექმნა პროგრამები იპოთეკური კომპანიების და მსესხებლებისგან მომსმარებელთა დასაცავად. 

[3] ადვოკატები, რომლებიც დაქირავებულნი არიან კომპანიის იურიდიული დეპარტამენტის მიერ, მთელი რიგი იურიდიული საკითხების გადასაწყვეტად (დასაქმება, გადასახადები და ა.შ)